logo
ENG



"მსგავსი წინააღმდეგობა იქნება, რაც გამჭვირვალობაზე" - კობახიძე განათლების რეფორმას აანონსებს

23 მაი 202401:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/23/2b776tcbtgnnabx.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებზე მათი მთავარი დაპირება "განათლების ფუნდამენტური" რეფორმა იქნება და ამბობს, რომ ამასაც მსგავსი წინააღმდეგობა მოჰყვება, როგორიც "გამჭვირვალობის კანონს". ამაზე კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"არ ვიცი მასშტაბი რა იქნება, მაგრამ მსგავსი იქნება აქაც წინააღმდეგობა, რაც ვიხილეთ იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამაზე დგას ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არ არის წარმატებული საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიყვება ამ იდეოლოგიას, თუმცა ტენდენციები არის, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში". 

კობახიძემ წინა ხელისუფლება განათლების სისტემის "ხელოვნურად ნგრევაში" დაადანაშაულა. 

"ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, თან ღირებულებებს აცლი… არ უნდა აფასებდე მთავარ ინსტიტუტებს, რაზეც დგას შენი იდენტობა, როგორიც ჩვენს შემთხვევაში არის მართლმადიდებელი ეკლესია… ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ამოცანაა, ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ მისცე საკმარისი ცოდნა და ამასთან ერთად გამოაცალო ღირებულებები. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი ჩვენი რეფორმა, რაც იქნება შეთავაზებული საზოგადოებისთვის საარჩევნოდ, იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა. ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას, ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას", - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, მათი ხელისუფლების პირობებშიც ვერ გაკეთდა საკმარისი, თუმცა ამას "ობიექტური მიზეზები" ჰქონდა, რაშიც ისევ წინა ხელისუფლებას დასდო ბრალი. 

"ერთ-ერთი მთავარი სისტემა, რაც მოირგეს საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იყო სწორედ განათლების სისტემა", - თქვა კობახიძემ.  

გარდა ამისა, პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ კიდევ უფრო მძიმე პრობლემებია უმაღლესი განათლების სისტემაში, კერძოდ კი ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და თქვა, რომ პროფესორების დიდი ნაწილი "პოლიტიკური ნიშნით არიან შერჩეული". 

"ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია [...] ამის გამო სისტემა არის მთლიანად მოშლილი, ამის გამო არც სახელმძღვანელოები ვითარდება თსუ-ში, არც მეცნიერება", - აცხადებს კობახიძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანის კითხვაზე, "რას უპირებს" ოცნება ამას, კობახიძე პასუხობს - "თვისობრივ გარდაქმნას". 

"ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც შედეგად მივიღებთ არა განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, არამედ ოთხი წლის თავზე გვექნება თვისებრივად ახალი ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა [...] სწავლების ხარისხი და შინაარსი იქნება თვისობრივად განსხვავებული. გვექნება განახლებული სახელმძღვანელოები და კურიკულუმები. თვისობრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი მაღალი ხარისხის განათლებაზე", - ამბობს ის.

 

 

close დახურვა